www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


დამტკიცებულია :

  კოლეჯის დირექტორის 

  ბრძანება  # 66  27/07/2017 წელი

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი” 

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

წინამდებარე წესი არეგულირებს  სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ოპიზარი“ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ეხება პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებას, შეჩერებას, შეწყვეტას, მობილობას,  მიღებული განათლების აღიარების და  საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმებს, ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა შეფასების სისტემას.

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1.      ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კოლეჯი – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“.

ბ) პროფესიული სტუდენტი – შემდგომში სტუდენტი.

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – შემდგომში საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში - მოდულური პროგრამა).

ე) სტუდენტის სტატუსის შეჩერება – გულისხმობს კოლეჯისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან დროებით გათავისუფლებას, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

ვ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა – გულისხმობს სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებას.

ზ) მობილობა – გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის გადასვლას/გადმოსვლას სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

თ) შიდა მობილობა - გულისხმობს სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო  პროგრამის შეცვლის შესაძლებლობას.

მუხლი 2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. კოლეჯში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ საფუძველზე.

2. კოლეჯი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე ცენტრის წარდგინებით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა  მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/ მოდულური პროგრამის პირველად საფეხურზე ცენტრის მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. დაწესებულება დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლოკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის  შემდგომ საფეხურზე;

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენრი, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში და დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში ქმნის რანჟირების დოკუმენტს, კოლეჯის დირექტორი ტესტირების დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს .დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში, დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური  ადმინისრაციული სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის პირველად/ შემდგომ საფეხურზე და აფორმებს მათთან ხელშეკრულებას( არასრულწლოვნის ქმედუუნარობის/ შეზღუდულქ მედუნარიანობის შემთხვევაში მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან);

5. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის და ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.

6. სსსმ პირთა მიღების პროცედურა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების  2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ შესაბამისად.

7. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტის შესახებ მონაცემებს დაწესებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში  ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში. 

მუხლი 3. პროფესიული  სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1.სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა  თუ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა –  სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ)ხანგრძლივი ავადმყოფობა;

გ) ორსულობა;

დ) საზღვარგარეთ წასვლა ხანგრძლივი დროით;

ე)სამხედრო სამსახურში გაწვევა;

ვ)სხვა მოტივირებული საფუძველი, რომლის არსებითობასაც განიხილავს კოლეჯის  დირექტორი (ან საამისოდ უფლებამოსილი პირი/პირები)

2.      ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას სტუდენტი განცხადებით (რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია) მიმართავს კოლეჯის  დირექტორს და ითხოვს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრისათვის საჭირო ვადით.

3.      სტუდენტის მიერ წარდგენილ განცხადებას და მასალებს იხილავს კოლეჯის  დირექტორი (ან საამისოდ უფლებამოსილი პირი/პირები) და იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.      სტუდენტის სტატუსი ჩერდება, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისათვის საჭირო ვადით.

5.      სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ პერიოდიდან როდესაც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

6.      კოლეჯის  ლიკვიდაციის შემთხვევაში, როდესაც არ არის განსაზღვრული მისი უფლებამონაცვლე, სტუდენტი მიიჩნევა სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად.

7.პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხდება  სტატუსის  შეჩერებიდან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს ავტომატურად უწყდება სტატუსი, რაც აისახება დაწესებულების რეესტრში;

 

მუხლი 4. პროფესიული  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

კოლეჯში ჩარიცხული სტუდენტის დაწესებულების რეესტრიდან ამოღება შესაძლებელია განხორციელდეს და სტუდენტს არ მიეცეს შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით. ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, დოკუმენტალურად დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძვლეზე:

1. პირადი განცხადებით;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის საკონტაქტო საათების  40%-ის ან ზედიზედ 25 სასწავლო დღის არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში;

3. რეიტინგულ შეფასებაში 40 %-ანი ბარიერის ვერ გადალახავის შემთხვევაში;

4. მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში;

5. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში;

6. გარდაცვალების შემთხვევაში;

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში

8. შინაგანაწესით, ხელშეკრულებით, კოლეჯის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სისტემატიური ან ერთჯერადი უხეში დარღვევის შემთხვევაში;

9. არ გაიარა კოლეჯის მიერ მისთვის გამოყოფილ ადგილზე საწარმოო პრაქტიკა, ან არ იცავდა და სისტემატიურად არღვევდა საწარმოო პრაქტიკის განრიგსა და ქცევის წესებს;

10. პროფესიულ სტუდენტი, რომელიც ვერ/არ გამოცხადდება დასკვნით გამოცდებზე ან ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას, ამოირიცხება რეესტრიდან. დასკვნით გამოცდებზე პროფესიული სტუდენტის განმეორებით გასვლის ვადა განსაზღვრულია მე-9 მუხლის მე-7-8 პუნქტით.

11. პროფესიული სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაასრულებს საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულურ პროგრამას, კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ ამოირიცხება დაწესებულების რეესტრიდან და გადაეცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დამადსტურებელი დოკუმენტი

 

მუხლი 5.  მობილობა

  1. პროფესიულ სტუდენტთა მობილობის(შიდა/გარე) ადმინისტრირებას ახორციელებს  კოლეჯის დირექტორი.
  2. მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის # 120/ნ   დამტკიცებული ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით გათვალისწინებული პროფესიული სპეციალიზაციის მიხედვით;

3.      ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულურ პროგრამის ფარგლებში მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის დასრულებამდე 1 თვით ადრე.

4. შიდა მობილობა ხორციელდება სწავლის დაწყებიდან 35 კალედნდარული დღის განმავლობაში ერთი და იმავე დარგობლივი მიმართულების ფარგლებში ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნებით.

5. მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვის მიზნით, კოლეჯის დირექტორი ქმნის სპეციალურ კომისიას. განხილვის შედეგებს კომისია აცნობებს დირექტორს, რომელიც  იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ.

6. მობილობის უფლების მქონე პირი:

ა)მობილობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მობილობის  მომენტისათვის წარმოადგენს პროფესიული დაწესებულების სტუდენტს.

ბ)მობილობის უფლება აქვს ასევე პირს, რომელსაც მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

7.მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა:

ა) მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/ მოდულური პროგრამის ერთი საფეხურის ფარგლებში.

8. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ან დაწესებულება აღარ ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულურ პროგრამას.

9. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს კოლეჯში დადგენილი წესით რეგისტრაციის შედეგად. კერძოდ, განცხადებით მიმართავს კოლეჯს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოდულურ პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. კოლეჯის  ადმინისტრაციის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას სხვა დოკუმენტებიც, რაც განცხადების რეგისტრაციისას ეცნობება მობილობის მსურველ პირს და განესაზღვრება ვადა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად. დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს პირის მობილობაზე უარის თქმის საფუძველი.

 10. კოლეჯის მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე შეიმუშავებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის თაობაზე. შესაბამისი ჩანაწერი შეიტანება დაწესებულების რეესტრში.

მუხლი 6.  მიღებული განათლების აღიარება

1. კოლეჯი ახდენს მობილობის მსურველის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის მიღწეული შედეგების აღიარებას   და მობილობის მსურველის თანხმობის შემთხვევაში, განსაზღრავს, ასათვისებელი კრედიტების რაოდენობას;

2. მობილობის დროს კოლეჯი ახდენს მობილობის მსურველის მიერ  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების აღიარებას, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისი სასწავლო დისციპლინების სწავლის შედეგების შესაბამისობა კოლეჯის პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამით/მოდულური პროგრამით  გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

3. აღიარებას ექვემდებარება I-V საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის /მოდულურ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები.

4. აღიარებას ექვემდებარება პროფესიული დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განხორციელდა ჩარიცხვა და სწავლება;

5. კრედიტების აღიარებისათვის მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, მის მიერ შედეგების დადასტურების თაობაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გავლილი სასწავლო დისციპლინების პროგრამა (სილაბუსები)/მოდულები.

6.  აღიარება ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

 

 

მუხლი  7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის  შეცვლის, გაუქმების შემთხვევაში სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები.

1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის შეცვლის, ან გაუქმების შემთხვევაში  კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

2. კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის  შეცვლის, ან გაუქმების შემთხვევაში, კოლეჯი  სტუდენტთან შეთანხმების გზით, უზრუნველყოფს მის გადაყვანას ამავე სასწავლებლის სხვა მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3.კოლეჯში მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამის/ მოდულური პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, კოლეჯი სტუდენტთან შეთანხმების გზით უზრუნველყოფს მის გადაყვანას იმ ალტერნატიულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც გაფორმებული აქვს  მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის საერთო პირობების შესახებ.

 

მუხლი  8. საგანმანათლებლო პროგრამები/მოდულური პროგრამები, სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებულ თითოეულ  საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბმასი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად ,აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები( სიულაბუსები). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში,კოლეჯის დირექტორის  მიერ დამტკიცებული თითოეულ  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია მისანიჭებელი კვალიფიკაცია, მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები და სწავლებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.მესამე საფეხურის პროგრამებში: „მოდულის, ქართული ენა A2 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით.“

3. მეოთხე და მეხუთე საფეხურის პროგრამებში: „მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.“

4.საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულური პროგრამების შემუშავება/ადაპირება ხდება კოლეჯის დარგობლივი კათედრების სხდომებზე.

5.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიული საგნამანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.

6.პროფესიული სტუდენტის ყოველკვირეული დატვირთვა/სასწავლო საქმიანობა  შეადგენს 30-40 საათს (აკადემიური საათი – 50 წთ), რომელთა შორის შესვენება 5 წუთია; დიდი შესვენება – 10 წუთი.

 

მუხლი 9 სტუდენტთა შეფასების სისტემა

1.სტუდენტის ცოდნა და უნარები ფასდება სასწავლო კურსის/მოდულის დასრულების შემდეგ, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეძენილი ცოდნის  და პრაქტიკული უნარების დემონსტრირების. 

2.კრედიტის მისაღებად, პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში უნდა მოიცავდეს  ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში -პრაქტიკულ მეცადინეობასა და საბოლოო გამოცდის ჩაბარებას.

3.  პროფესიულ სტუდენტს  კვალიფიკაცია მიენიჭება პროგრამით განსაზღვრული კრედიტების ათვისების შემთხვევაში; სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭება ხდება კოლეჯში შექმნილი საკვალიფიკაციო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის, რომელშიც განსაზღვრულია 50% ან მეტი სწავლის შედეგების რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა, კვალიფიკაციის მინიჭების დამატებითი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

4.კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის 4.1  პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

4.1. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

5. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

6. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებას;

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

7. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამატებით გამოცდაზე გასვლის 10 დღიანი ვადა მოქმედებს ასევე იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული სტუდენტის შეფასება ვერ მოხდება მისი გამოცდაზე გამოუცხადებლობის გამო.

9 .პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კრედიტების განაწილების, პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობის(დატვირთვის) და პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით ან/ და მოდულით“

9.1 შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

9.2 განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე,  ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

9.3 განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

10.განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე,თუ აღნიშნული მოდული არ წარმოადგენს მომდევნო მოდულის წინაპირობას. აღნიშნული  არ ეხება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე( შშმ ) და  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) პირებს, ისინი მოდულზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.

11.შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალტერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

12.  ყველა სწავლის შედეგის მიღწევა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებებით.  მტკიცებულებები უნდა იქნას დაცული და ინახებოდეს არანაკლებ კვალიფიკაციის მინიჭებამდე, ხოლო უწყისები სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ - მუდმივად. 

13. სტუდენტის მიერ  შუალედურ და საბოლოო გამოცდაზე შესრულებული წერილობითი/ტესტური დავალებები  და პრაქტიკის დღიურები უნდა იქნას დაცული და ინახებოდეს არანაკლებ კვალიფიკაციის მინიჭებამდე.